“ოჯახის სიწმინდის დღის ღონისძიების მონაწილეების მასობრივი დაშანტაჟება ხდება”მაისი 2, 2019

ბოლო პერიოდში, 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის მიმართ ისტერიკული ანტიკამპანია შეიმჩნევა, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ მასობრივი დაშანტაჟება მიდის იმ ადამიანების, ვინც მონაწილეობას მიიღებს საპატრიარქოს მიერ ამ დღეს დაანონსებულ ღონისძიებებში.

ამასთან, დეკანოზის განცხადებით, ეკლესიის პოზიცია ლგბტ საზოგადოების მიმართ არ შეცვლილა.

მანვე მოუწოდა პრემიერ-მინისტრს და განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, თუ რომელი ხელისუფლება იქნება სათავეში, ეკლესია თავის სათქმელს მაინც იტყვის.

„როგორ თვლის ბატონი პრემიერ-მინისტრი, საქართველოს და ზოგადად, მართმადიდებელი ეკლესია მარგინალიზებული ჯგუფია? ექსტრემისტთა და ულტრამემარჯვენეთა ჯგუფები ვართ ჩვენ? მაშინ ხმამაღლა თქვან, თუ ისინი ასე გვიყურებენ.

მიუხედავად იმისა, სახელმწიფოს სათავეში იქნება სააკაშვილი, ივანიშვილი, ბახტაძე თუ სხვა, ეკლესია თავის სიტყვას ყოველთვის ამბობდა და იტყვის“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

დეკანოზის განცხადებითვე, ლგბტ საზოგადოების მიერ ივნისში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული.

„თუ ვინმეს სხვანაირად ცხოვრება უნდა და ეს მათი პირადი უფლებაა, ჩვენ არ ვიჭრებით მათ პირად სივრცეში, შეუძლიათ თავიანთი უფლებები თვითონ ისე გამოხატონ, რომ ეს საზოგადოებრივი ზნეობა არ დაარღვიონ, არ გადავიდნენ იმ საზღვრებში, რომლებიც უკვე იწვევს საზოგადოების მღელვარებას, რაც უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას უფრო ჰგავს, ვიდრე საკუთარი უფლებების დაფიქსირებას,“ – განაცხადა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.