მეუფე გიორგი: “უპირველსად სამღვდელოება წავალთ და ჩვენს მკერდს მიუშვერთ მომხდურთ”მაისი 2, 2019

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპიკსოპოსი გიორგი “ფეისბუქის” პირად გვერდზე დავით გარეჯის საკითხს ეხება და წერს, რომ შინაურმაც და გარეულმა უნდა იცოდეს, რომ არავის დავუთმობთ ჩვენ წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას . უპირველსად, სამღვდელოება წავალთ და ჩვენს მკერდს მიუშვერთ მომხდურთ, წინაპართა დარად. უცვლელად გთავაზობთ მის განცხადებას:

“დღეს, მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა იობმა სამღვდელოებასთან ერთად, საღმრთო ლიტურგია აღავლინა დავით გარეჯის ლავრაში, კერძოდ, თხემზე, სადაც ეწამა ექვსი ათასი გარეჯელი ბერი. მინდა შეუერთდე მათ სულისკვეთებას და ჩვენ თანამემამულეებთან ერთად შევთხოვო ღმერთს, რათა დაიცვას და განამტკიცოს“საზღვარნი საქართველოისანი”.

დავით გარეჯი იყო არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ბერ -მონაზვნობის სულიერი აკვანი და ჩვენი იერუსალიმი.

მე, როგორც მარნეულის ეპისკოპოსმა, მინდა ვთქვა, რომ ვხედავ, თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება ჩვენთან მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე, რათა ისინი იყვნენ სრულუფასოვანი წევრები საზოგადოების. მიუხედავად მათი ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილებისა, მათ აქვთ ყოველგვარი პირობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისა ჩვენს ხალხთან. სამწუხაროა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ და სხვა კონტექსტსაც არ ითვალისწინებს და უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს. ერთი იცოდეს ყველამ – შინაურმაც და გარეულმა: არავის დაუთმობთ ჩვენ წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას , უპირველსად სამღვდელოება წავალთ და ჩვენს მკერდს მიუშვერთ მომხდურთ, წინაპართა დარად!
იმედია ჩვენი მეზობელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენს კეთილმეზობლურ, ძმურ ურთიერთობებში არ გააჩენს ბზარს!” – წერს მეუფე გიორგი