მეუფე იობი – “თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს”მაისი 2, 2019

„მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ… თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს,“ – ეს განცხადება მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა (აქიაშვილი) დავით გარეჯში ჩასვლის შემდეგ გააკეთა. ამის შესახებ “რუსთავი 2” იუწყება.

სასულიერო პირები დღეს გარეჯში ჩავიდნენ, მონასტრის 18-ვე ტაძარსა და სალოცავში საჩვენებელი წირვა-ლოცვა აღავლინეს.

მეუფე იობის თქმით, დავით გარეჯის უდაბნოში არსებული სადაო ტაძრის გარდა, საქართველომ უნდა მოითხოვოს ჰერეთის დაბრუნება.

“ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავუბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და, ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო, თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივა ეს საქმე, გონიერება ეყოფა, როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ყოველივე ის, რაც ჩვენს წინაშე, ასეთი გამოწვევა დადგა,“ – განაცხადა მეუფე იობმა.

“რუსთავი 2”