საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებენმაისი 3, 2019

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ თუკი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ გააგრძელებენ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის გადაკეტვას, სასულიერო პირები აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

„კონტაქტი ჩვენ გვექნება აზერბაიჯანის უმაღლეს ხელისუფლებასთან უშუალოდ. ვიმოქმედებთ და შევხვდებით იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ ცივილიზებული ხალხი ვართ ჩვენც და აზერბაიჯანელებიც და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ საკითხს”, – განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება დელიმიტაციის კომისიას, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ კომისიის მუშაობის შედეგზე წინასწარი პროგნოზის გაკეთება არ შეუძლია.

„ჯერ შედგეს კომისია, შევხედოთ რამდენად სანდო ხალხი იქნება შესული. ალბათ, როდესაც შემადგენლობა დასახელდება, მერე გავაკეთებთ პროგნოზს”, – აღნიშნა მან.

დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომისიის შექმნა დროული და ძალიან კარგია, – ასე აფასებს ვანისა და ბაღდათის მეუფე ანტონი დავით გარეჯის შესახებ კომისიის შექმნის საკითხს.

„ამაზე გვიან შექმნა უკვე აღარ შეიძლება და ძალიან მინდა, რომ ეკლესიამდე არ მოვიდეს, ჩვენს პასუხისმგებლობამდე არ მოვიდეს ეს, იმიტომ, რომ ეკლესიას არ აქვს დედამიწის მოწყობა მოვალეობაში, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ვისაც ავალია დედამიწის მოწყობა, ისინი ვერ აწყობენ, მაშინ რეაქციის გარეშე ვერ დავტოვებთ ვერც ჩვენ”, – განაცხადა მეუფემ.

კითხვაზე, როგორ განვითარდება პროცესები, თუკი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისევ ჩაკეტეს გზა, მეუფე ანტონი აცხადებს: “მე მგონია სახელმწიფო გასცემს პასუხს”.

IPN.GE