“შორენა თეთრუაშვილის ჩარევით დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება არ განხორციელდა”მაისი 3, 2019

პატრიარქს გადაწყვეტილი ჰქონდა, აღდგომის დღესასწაულამდე მიემართა პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით. თუმცა, ეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ჩარევით არ განხორციელებულა. ამის შესახებ დღეს პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ განაცხადა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან აქცია გამართეს. აქციას დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც ესწრებოდნენ, რომლებიც “მამის სახლში დაბრუნებას” ითხოვდნენ.

“მოვითხოვთ ჩემი ძმის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან. მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ პატრიარქი აღდგომამდე თანახმა იყო და მან ეპისკოპოსებს უთხრა, წერილი მოემზადებინათ და მიემართათ პრეზიდენტისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი არ მოხდა, რადგანაც იმ ქალბატონის, რომელიც მოკალათებულია ამ დაწესებულებაში და ეკლესიას შიგნიდან ებრძვის, გადაწყვეტილებით არ მოხდა წერილის დაწერა. ამიტომაც დღეს უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქს მივმართავთ, აიღოს მან სადავეები ხელში და არ გადააჭარბოს მის ნებას ქალბატონის ნებამ. ვთხოვთ პატრიარქს გადადგას ნაბიჯი, მიმართოს პრეზიდენტს და შეიწყალოს უკანონო პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.