მეუფე ნიკოლოზი: “დღეს ბრწყინავს ჩვენი ეკლესია ბოროტების ჯინაზე”მაისი 5, 2019

ჩვენ დღეს ეკლესიაში გვყავს ცოცხალი წმინდანი, ეს არის ჩვენი პატრიარქი, -ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორ მეუფე ნიკოლოზმა ბრძანა, ეს არის უნიკალური შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც პატრიარქმა ქვეყანა სრული ურწმუნოებიდან გამოიყვანა.

“ჩვენ არა ვართ ბრმად მორწმუნეები. ჩვენ გვწამს, მაგრამ თუ შეგვიძლია, რომ ხელით შევამოწმოთ, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გვწამდეს არა მარტო გაგონილით, არამედ მთელი არსებით, მთელი გულით, გონებით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მისი არსებობა, მისი აღდგომა, მისი ღვთაებრივი ბუნება. მე მინდა გავაკეთო ასეთი პარალელი – ჩვენ დღეს ეკლესიაში გვყავს ცოცხალი წმინდანი. შეიძლება უხერხულია ამის ხმამაღლა თქმა, მაგრამ მინდა აუცილებლად დავამოწმო. ეს არის ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც 41 წელია მართავს ეკლესიას. ვისაც შეუძლია შეახოს მას ხელი, ემთხვიოს მას ხელზე და დარწმუნდეს მის სიწმინდეში. ვისაც არ შეუძლია, თვალით მაინც დაინახოს ის და ვისაც ესეც არ შეუძლია, ყურით გაიგონოს და გაეცნოს მის მოღვაწეობას 41 წლის განმავლობაში. ეს არის უნიკალური შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სრული ურწმუნოებიდან ქვეყანა გამოიყვანა და დღეს ბრწყინავს ჩვენი ეკლესია ბოროტების ჯინაზე”,- ბრძანა მეუფე ნიკოლოზმა.

IPN.GE