“საპატრიარქო გიორგი მამალაძის შეწყალების სანაცვლოდ კონკრეტულ წინაპირობას აყენებს”მაისი 6, 2019

მსჯავრდებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, საპატრიარქო გიორგი მამალაძის შეწყალების სანაცვლოდ კონკრეტულ წინაპირობას აყენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თორნიკე მამალაძემ განუცხადა, საპატრიარქო გიორგი მამალაძისგან წერილს ითხოვს, სადაც ცალსახად იქნება დაფიქსირებული, რომ მის საქმეში შორენა თეთრუაშვილს არანაირი როლი არ აქვს.

თორნიკე მამალაძის მტკიცებით, ამ მოთხოვნით საპატრიარქოს წინ გაშლილ კარავთან მასთან მამა ანდრია ჯაღმაიძე მივიდა და „შორენა თეთრუაშვილის მოთხოვნა გადასცა“.

„საპატრიარქოს კარავთან ვიყავი, როცა ანდრია ჯაღმაიძე გამოვიდა და მითხრა, რომ ყველაფერი მოგვარებულია, ყველაფერი გადაწყვეტილია, შეგიძლია კარავიც კი აიღო, მაგრამ ბურთი თქვენს მოედანზეა, როგორც გააგორებთ, ისე წავა საქმეო. თუ დაიწერება ეს წერილი, საპატრიარქო შეწყალების მოთხოვნასთან დაკავშიერებით ნაბიჯს გადადგამსო. ეს წერილი რომ ვერ მიიღეს, ყველამ დავინახეთ, რომ ნაბიჯი არ გადადგმულა“, – აცხადებს მამალაძე.

მისივე განმარტებით, ჯაღმაიძე დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მეშვეობითაც ცდილობს, აღნიშნული შინაარსის წერილის დაწერეზე დეკანოზი დაითანხმოს.

„საპატრიარქოდან ჩემთან კომუნიკაციაზე მამა ანდრია ჯაღმაიძე გამოდის ხოლმე – ის არაერთხელ შემხვდა. ჯაღმაიძე შორენა თეთრუაშვილისგან მოდის, თეთრუაშილი აბარებს, რომ ჩემმა ძმამ წერილი დაწეროს, რისი გაკეთებაც ჩემი მეშვეობით უნდოდა. ვიმეორებ, ჯაღმაიძემ მითხრა, რომ მამა გიორგის შემდეგი შინაარსის წერილი უნდა დაეწერა და ეთქვა, რომ საპატრიარქო მის დაპატიმრებაში არაფერ შუაში იყო და რომ ამ დროის მანძილზე ჩვენი ტაქტიკაა საპატრიარქო დამნაშავედ გამოვიყვანოთ. ასევე, უნდა გვეთქვა,რომ შორენა თეთრუაშილი არაფერ შუაში იყო. მეტსაც გეტყვით, მათ არ აინტერესებდათ მეუფე იაკობზე რას ვიტყოდით, მათთვის მთავარი იყო შორენა თეთრუაშვილზე გვეთქვა, რომ არაფერ შუაში იყო. ამასთან დაკავშირებით, ჩვენგან უარი მიიღეს. როცა ისინი ამბობენ, რომ ჩენგან არაფერს ითხოვენ, იტყუებიან…

ჯაღმაიძემ მიხეილ რამიშვილსაც დაურეკა და სთხოვა შეხვედრა, მასთან ბოდიშის მოხდით დაიწყო საუბარი. შემდეგ უკვე მას სთხოვა, შესულიყო ჩემს ძმასთან და მისი მეშვეობით მომხდარიყო ამ წერილის დაწერა. მიშას პირადად მე ვუთხარი, ჩემს ძმასთან არ შესულიყო და ეს არ ეთქვა. შესაბამისად, ჯაღმაიძემ რამიშვილისგანაც უარი მიიღო და ამიტომაც დასაჯეს ჩემი ძმა, საპყრობილეში დატოვეს“, – განაცხადა მამალაძემ.