ანკარაში მსოფლიო პატრიარქმა ქართველ სასულიერო პირებთან ერთად წირვა აღავლინამაისი 7, 2019

ანკარაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საპატრიარქოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და მსოფლიო საპატრიარქოს კურთხევით, 2019 წლის 6 მაისს, სტამბოლის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, ქართველ სასულიერო პირებთან ერთად კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ბარათლომეოს I-მა წირვა – ლოცვა აღავლინა. აღსანიშნავია, რომ წირვის განმავლობაში მსოფლიო პატრიარქმა არა ერთხელ აღავლინა ლოცვა ქართულ ენაზე. ამასთან, წირვაზე ქართული საგალობლები შეასრულეს სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩამოსულმა მგალობლებმა. ამის შესახებ დასავლეთ ევროპის ეპარქია “ფეისბუქის” გვერდზე იუწყება.

წირვას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, ასევე, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები, სტამბოლში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

წირვისას, მსოფლიო პატრიარქმა და ქართველმა სასულიერო პირებმა იქადაგეს, რომლის დროსაც მსოფლიო პატრიარქმა ისაუბრა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მშვიდობისა და ერთობის დაცვის მნიშვნელობაზე და იქვე ხაზი გაუსვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობას. ამასთან, მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მომავალშიც ხელი შეუწყოს სტამბოლში ქართული რელიგიური კერის გაღვივებას ქართველი სასულიერო პირების დახმარებით.

ქადაგების შემდგომ, ქართველმა სასულიერო პირებმა საქართველოს საპატრიარქოს სახელით, მსოფლიო პატრიარქს წმ. გიორგის ხატი გადასცეს.

წირვის დასრულების შემდგომ, მსოფლიო პატრიარქმა ტრაპეზზე მიიწვია სტუმრები და მრევლი, სადაც შესაძლებელი იყო ქართული კერძების დაგემოვნება, ქართული საგალობლებისა და მრავალჟამიერის თანხლებით.