მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ეკურთხებამაისი 12, 2019

12 მაისს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი საზეიმოდ გაიხსნება და ეკურთხება. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ფონდის პრეზიდენტი ლაშა ჟვანია “ფეისბუკის” პირად გვერდზე ფოტომასალას აქვეყნებს, რომელზეც ასახულია როგორ აწერს ხელს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისთვის განკუთვნილ ოდიკს:

“მისი უწმიდესობა ხელს აწერს ქართველთა ერთობით აგებული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის ოდიკს! ღვთისმშობელმა გაამთლიანოს, დალოცოს და დაიფაროს ივერია!” – წერს ლაშა ჟვანია.

ცნობისთვის, ოდიკი – ეს არის ნაკურთხი არდაგი, ძღვენის დასაგებელი ტრაპეზზე, წმიდა ძღვენის ქვეშ, ოთხკუთხა ფორმის სელის ან აბრეშუმის ნაჭერი, რომელზეც უფალ იესო ქრისტეს საფლავად დადებაა გამოსახული. ოთხივე კუთხეში მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებით: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე; ნიშნად იმისა, რაც ნათქვამია მახარებლებზე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. ოდიკს ქვედა მხრიდან აუცილებლად ჩასვენებული აქვს რომელიმე წმიდანის ნაწილი, ნიშნად იმისა, რომ I საუკუნეში მორწმუნენი საღმრთო ლიტურგიას, დევნის გამო, საფლავებზე ღამით ატარებდნენ. როცა მღვდელს ჰქონდა ოდიკი, ტრაპეზზე ლიტურგიის ჩატარებაც კი აუცილებლობას არ წარმოადგენდა, ოდიკს ნებისმიერ ადგილას დააბრძანებდნენ და ჩაატარებდნენ წირვა-ლოცვას. ოდიკს აქვს წარწერა, თუ რომელმა მღვდელმთავარმა რომელი ეკლესიისთვის აკურთხა ის და რომელ მღვდელს გადასცა. ამით მღვდელმთავარი გადასცემს თავის ძალასა და კურთხევას თითოეულ ტაძარს.

ოდიკი სიმბოლურად მაცხოვრის კუბოსა და წამებულთა სამარხებს გამოხატავს, რომლებზეც აღესრულებოდა ლიტურგია I საუკუნეში.