“პრემიერის სიტყვა ეთერში არაბუნებრივად უცნაური ტონალობით გაისმა, გეგონებოდა ქეიფს კარგად შეყოლილი თამადა ბოლო სადღეგრძელოს ამბობდა”მაისი 12, 2019

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღეს, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რის შესახებაც “პირველმა არხმა” ტექნიკური ხარვეზისთვის უკვე მოიბოდიშა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ  საქართველოს მთავრობა მახათას მთაზე მომხდარი სავარაუდო ტექნიკური ხარვეზის შესწავლას გეგმავს.

ეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ხომ შეიძლება, ასეთ დღეს მაინც იყოს ყველაფერი იდეალურად გამართული:

“ყველას გიხდით მადლობას ანდრია პირველწოდებულის დღის მოლოცვისათვის!

დღეს მახათას მთის ღვთისმშობლის. სახელობის ტაძრის გახსნა დიდად სასიხარულო მოვლენა იყო საქართველოს მორწმუნე საზოგადოებისათვის. მომლოცველები ტაძარში არ ეტეოდნენ.

ამ დღესასწაულში ამინდიც გვწყალობდა, თუმცა ხომ არ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც, გამონაკლისის სახით ყველაფერი ბოლომდე იდეალურად, რომ გავმართოთ?

წირვის შემდეგ ალბათ ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი, კარგად გამართული გახმოვანება უნდა ყოფილიყო, გახმოვანების ტექნიკური ხარვეზის გამო კი პრემიერის მისალოცი სიტყვა ეთერში არაბუნებრივად უცნაური ტონალობით გაისმა, გეგონებოდა ქეიფს კარგად შეყოლილი თამადა ბოლო სადღეგრძელოს ამბობდა.

ქართველებმა უნდა ვისწავლოთ, რომ ასეთი დაუდევრობით წყალში შეიძლება ჩავყაროთ მთელი შრომა. საჭიროა ყველა საქმის მიყოლა უკანასკნელ წერტილამდე” – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.