მეუფე იაკობმა თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის დელეგაციას უმასპინძლამაისი 14, 2019

ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ, დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაცია მეუფე იაკობის “ფეისბუკის” პირად გვერდზეა განთავსებული.

დელეგაცია შედგება თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის კურსის „საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების“ მსმენელებისგან – მაღალი თანამდებობის სამხედრო და ოფიციალური პირებისგან დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ომანიდან, ყატარიდან, ქუვეითიდან, მალაიზიიდან, ჩინეთიდან, კენიიდან და კოლუმბიიდან. სასწავლო ვიზიტი კურსის შემადგენელი ნაწილია და მისი მიზანი რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისა და გაძლიერების პროცესის შესწავლა და სტრატეგიულ დონეზე შეფასებაა.

ბოდბელი ეპისკოპოსი სტუმრებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ და რელიგიურ ღირშესანიშნაობაზე – ბოდბის დედათა მონასტრის ისტორიაზე, წმ. ნინოს მოღვაწეობასა და მონასტრის დღევანდელ ცხოვრებაზე ესაუბრა.

მეუფე ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, ამ პროცესში საზოგადოებისა და ეკლესიის ჩართულობის მნიშვნელობას, ეკლესიის როლს ამ პროცესის მხარდაჭერის კუთხით. ხაზი გაუსვა ასევე ქვეყნის განვითარებაში სამოქალაქო სექტორის გაძლიერების მნიშვნელობას.

დელეგაციისთვის საინფორმაციო-კულტურული სახის ღონისძიება #CDD-სა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.