პატრიარქმა შვეიცარიელ დიპლომატთან შეხვედრისას ისურვა, ქართველმა სასულიერო პირებმა ოკუპირებული რეგიონების საზღვრები გადაკვეთონმაისი 23, 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პატრიკ ფრანცენთან, რომელიც საპატრიარქო რეზიდენციაში მიღო, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ილია მეორემ შვეიცარიელ დიპლომატთან კონფლიქტების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის იმედი გამოთქვა და ისაუბრა სახალხო დიპლომატიის დადებით მხარეებსა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე.

უწმინდესმა ისურვა, რომ მოსახლეობას და მათ შორის სასულიერო პირებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა მიეცეთ, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ხალხის დაახლოებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

შვეიცარიის ელჩმა კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის და საინტერესო იდეების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან შეხვედრა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი. პატრიკ ფრანცენის თქმით, შვეიცარია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც სიახლოვეს გრძნობს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მის მხარდაჭერას.

ელჩმა პატრიარქს საჩუქრად წიგნი გადასცა, რომელიც საქართველოსა და შვეიცარიის მსგავსებებს წარმოაჩენს სხვადასხვა კუთხით.