დავით გარეჯის სიახლოვეს აზერბაიჯანი რა სამუშაოებს ატარებს, ქართულ მხარეს 24 მაისს ექნება დეტალეური ინფორმაციამაისი 24, 2019

ქართულ მხარეს 24 მაისს ექნება დეტალეური ინფორმაცია დავით გარეჯის ტერიტორიის სიახლოვეს რა სამუშაოებს ასრულებს აზერბაიჯანული მხარე, რის შესახებაც დღეს გავრცელდა ინფორმაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი, ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება, – განაცხადა დარსალიამ.

„დღეს ძირითადი ნაწილი საექსპერტო დონის შეხვედრა იყო, სადაც პოზიციები და ჩვენი არგუმენტები გავაცანით ერთმანეთს. ხვალ გაგრძელდება მუშაობა. ამიტომ რაიმე შედეგებზე ჯერ ადრეა საუბარი. საქართველოს კონტროლირებად ან რაიმე სადავო ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ გარკვეული მიწის სამუშაოებს ატარებს აზერბაიჯანული მხარე. დღეს ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოვითხოვეთ. როგორც თავად ამბობენ, ისინი თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე ატარებენ რაღაც სამუშაოებს, მაგრამ ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, თავის კოორდინატებით და ა.შ. ახლა კი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება.

დელიმიტაციის კომისიის მუშაობის მთავარი თემა შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მსჯელობა. შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია, 1/3 დარჩა შესათანხმებელი, მათ შორის დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია. აქ ლაპარაკია საზღვრის გამავლობაზე და არა ვისი კუთვნილებაა ისტორიული ძეგლი. ეს კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგას,“ – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილმა განუცხადა, აზერბაიჯანულ მხარეს ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით, ფერდობზე გზა დაახლოებით 2 დღეა უკვე, რაც გაჰყავს.

მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს ადგილზე მობილიზებული ჰყავს გზის სამშენებლო ტექნიკა.