“ასე ამბობს უფალი: “წყეულიმც იყოს, ვინც გადასწიოს მისი მოყვასის საზღვარი, და თქვას მთელმა ერმა: ამინ!”მაისი 25, 2019

დეკანოზი თამაზ ლომიძე წმინდა წერილის მიხედვით საზღვრის თემას ეხება და “ფეისბუკის” პირად გვერდზე ბიბლიიდან შესაბამისი ადგილი მოყავს, რომელშიც სწორედ საზღვრის საკითხზეა საუბარი და წერს, რომ ან ჩრდილოელი ერთმორწმუნე საქართველოს არ თვლის თავის მოყვასად, ანდა რჯულის სიტყვები სრულიად არაფერს ნიშნავს მისთვის:

“ბიბლია, კერძოდ კი მოსეს მე-5 წიგნი მოგვითხრობს 12 წყევლის შესახებ, რომელიც იორდანეზე გადასვლის შემდეგ, აღთქმულ ქვეყანაში, გარიზიმის და გებალის მთებზე უნდა წარმოეთქვათ ერის წინამძღოლებს. ასე დაარიგა წინაწარმეტყველმა მოსემ ერი: როცა შეხვალთ იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევთ უფალი, აუგეთ სამსხვერპლო ღმერთს და დააწერეთ მის ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა გარკვევით და მკაფიოდ. ამის შემდეგ უნდა დადგნენ გარიზიმის მთაზე ისრაელის 12 შტოდან ექვსნი დასალოცად და ექვსნი დასაწყევლად. შემდეგ გამოუცხადონ თითოეულ ისრაელიანს ლევიანებმა (სამღვდელო შტომ) მაღალი ხმით 12 წყევლა და მთელი ერი დასტურად ეტყვის: ამინ!

თავად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიის მეორე რჯულის 27 თავის, 15-26 მუხლებში ყველა ეს წყევლა, რომელიც ელოდა რჯულის დამრღვევს, მაგრამ, საინტერესოა, რომ ამ თორმეტიდან მესამე წყევლა ეხება მოყვასის საზღვრის დამრღვევს. სიტყვა-სიტყვით ასე ამბობს უფალი: “წყეულიმც იყოს, ვინც გადასწიოს მისი მოყვასის საზღვარი, და თქვას მთელმა ერმა: ამინ!”

გესმით? ძველი აღთქმა რჩეული ერის მაგალითზე გვასწავლის, რომ დაწყევლილია, ვინც ართმევს მოყვასს მის ადგილს, მის მიწას, ვინც მიიტაცებს და თვითნებურად გადასწევს მოყვასის საზღვარს.

რჯულის ამ სიტყვებს რომ ვკითხულობთ, ვფიქრობთ: ან ჩრდილოელი ერთმორწმუნე საქართველოს არ თვლის თავის მოყვასად, ანდა რჯულის სიტყვები სრულიად არაფერს ნიშნავს მისთვის.

“წყეულიმც იყოს, ვინც გადასწიოს მისი მოყვასის საზღვარი, და თქვას მთელმა ერმა: ამინ!” (ბიბლია, 2 რჯული, 27,17)” წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.