“მოლოდინი რეალური არ აღმოჩნდა”; “ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან” – მამა ანდრია და მამა კირიონი დავით გარეჯის შესახებმაისი 25, 2019

მოლოდინები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუკის“ გვერდზე წერს. დეკანოზის ინფორმაციით, დამატებულია მძიმე ტექნიკაც, რომელიც გზის გაყვანაზე დილიდან მუშაობს.

„შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავით გარეჯას მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„მე ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან და არაფერს არ აკეთებს. 26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ,“ – ამის შესახებ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ კვლავ განაახლა საგზაო სამუშაოები.

როგორც არქიმანდრიტმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება უპრინციპოა და ვერ იცავს იმ ვალდებულებას, რაც ქვეყნის წინაშე აქვს.

„ისევ გააგრძელეს მუშაობა, ისევ თხრიან და ანგრევენ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის ქანებს. ყველანაირი მოლაპარაკება ფალსიფიკაცია გამოდგა. გუშინ სახელმწიფოების პირველი პირები ელაპარაკნენ ერთმანეთს და აზერბაიჯანის მხრიდან დაპირება იყო, რომ სამუშაოები გაჩერდებოდა, მაგრამ დღეს ისევ ისე აქტიურად გაგრძელდა. მდგომარეობა ისეთია, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად პასიური და უპრინციპოა. ხელისუფლება არ არის თავის სიმაღლეზე, რომ საკუთარი ვალდებულება, რაც ქვეყნის და ერის წინაშე გააჩნია, ის განახორციელოს, ამიტომ ხალხმა უნდა დავიწყოთ. მე ვფიქრობ, 26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ. უნდა გაგვართონ პატარა ბავშვებივით, ვითომ ყველაფერი რიგზეა. მე ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან და არაფერს არ აკეთებს, არანაირ კოზირს არ იყენებს. როგორ შეიძლება, 6 კოზირი გქონდეს და 2 კოზირით გამარცხებდნენ?!“ – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.