“დავით გარეჯის მიმდებარედ გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია და ტექნიკა გაყვანილია”მაისი 25, 2019

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარედ გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია. დეკანოზი გარეჯში იმყოფება და ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა. დეკანოზის თქმით, საგზაო სამუშაოები საკმაოდ ახლოსაა მისული ჩიჩხიტურის მონასტერთან.

„აქ როგორც ჩანს, ფაქტობრივად ტექნიკა არ მუშაობს, გაყვანილია, თუმცა ეს საგზაო სამუშაოები საკმაოდ ახლოსაა მოყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან. პრინციპი ერთი ცხადი არის, რომ ვერაფრით შეეგუება ეკლესია იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესები ირღვეოდეს. ჩვენ ვიცით, რომ 1996 წელს ორ სახელმწიფოს შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საზღვრის დადგენისას უნდა ეხელმძღვანელათ 1938 წელს შედგენილი რუკის მიხედვით და შემდგომში სადემარკაციო კომისიის მუშაობამ ძალიან სავალალო შედეგი დადო. იმ საზღვრიდან გაცილებით შიგნით არის, კომისიის მიერ დადგენილი ხაზები. სავარაუდოდ 250-300 მეტრით აქეთაა. რთული პროცესია, ეკლესია ამ დეტალებში თანდათან თუ გაერკვევა. საპატრიარქო ძალიან ყურადღებით იქნება შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები და ჩართული იქნება ამ პროცესებში. ხალხის მოთხოვნაა, რომ ეს მოლაპარაკებები, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია და ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რომ თითოეული დეტალი გაცხადდეს და ვიცოდეთ რა პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა დეკანოზმა.