საპატრიარქო: “ორ ქვეყანას შორის სერიოზული პრობლემების შექმნა მესამე ძალას სურს.”მაისი 27, 2019

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენეს საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებით კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის სერიოზული პრობლემების შექმნა მესამე ძალას სურს. გთავაზობთ საპატრიარქოში დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც დეკანოზებმა ანდრია ჯაღმაიძემ და მიქაელ ბოტკოველმა და არქიმანდრიტმა კირიონმა გააკეთეს:

“ბოლო დროს, გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში.

მაგრამ პროვიკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!

მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში, როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილურად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულვებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს.

მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მტკივნეულია ეს პრობლემა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებ სასულიერო პირებს და მრევლს.

ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს.

თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში და ვიმედოვნებთ, ორივე მხარე ღვთის წყალობით, შევძლებთ პრობლემების დაძლევას.

ამასთან აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას” – აღნიშნულია განცხადებაში.