ამაღლება იესო ქრისტესიივნისი 6, 2019

მართლმადიდებელი სამყარო 6 ივნისს უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდება.

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.

წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმი არ დაეტოვებინათ.
ქრისტემ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ, რომლებმაც შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.

ცვლილება ლოცვებში

ამაღლებიდან სულთმოფენობამდე და სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე (სულთმოფენობის შემდეგი კვირა):

I. ლოცვებში არსად აღარ იკითხება, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, ტროპარი “ქრისტე აღდგა…”.

II. სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე დასაწყისი ლოცვების კითხვას ვიწყებთ პირდაპირ “წმიდაო ღმერთო”-დან და მის შემდეგ – ჩვეულებრივ.
ყოველთა წმინდათა კვირიდან, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, დასაწყის ლოცვებს ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ვკითხულობთ.

III. ნაცვლად “ღირს არსი”-სა იკითხება:

ა) ამაღლებიდან მის წარგზავნამდე (ამაღლების დღესასწაულის წინა საღამოდან სულთმოფენობის წინა პარასკევ დილის ჩათვლით)
“ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა. ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქუმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ”.

ბ) სულთმოფენობიდან მის წარგზავნამდე
“მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოჩნდა სულიწმიდაჲ. გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ”.