გიორგი გვასალია რუსუდან გოცირიძეს – რაც არ უნდა „ისიბრძნისმეტყველოთ,“ ამ ისტორიულ რეალობას ვერც შეცვლით, ვერც ახლით ჩაანაცვლებთივნისი 11, 2019

თეოლოგი, სასულიერო აკადემიის პედაგოგი გიორგი გვასალია ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენელს რუსუდან გოცირიძეს პასუხობს, რომელმაც ერთ-ერთ ქართულ სატელევიზიო გადაცემაში სახელმწიფო სტრუქტურებში ხატების არსებობა გააპროტესტა. გიორგი გვასალიამ ამ თემაზე კომენტარი “ფეისბუკის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა: 

“ქ-ნო რუსუდან….
ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ის დღევანდელ დღემდე სწორედ იმ წიაღმა მოიყვანა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ჰქვია და ამიტომ, რაც არ უნდა „ისიბრძნისმეტყველოთ,“ ამ ისტორიულ რეალობას ვერც შეცვლით, ვერც ახლით ჩაანაცვლებთ…
ახლა რაც მთავარია ის ვთქვათ: როგორ ფიქრობთ, ქართულ ჯარს რომ სხვა რჯულისანი მიყვებოდნენ ქვეყნის დასაცავად, იქ რატომ არ უჩნდებოდათ იმ სხვა რჯულის ჯარისკაც-მოქალაქეებს აზრი იმის შესახებ, რომ ჩემი რჯულის კაცი ჯვარს არ უნდა გაყვესო? ვიცი, ამ კითხავზე პასუხი არ გაქვთ და ამიტომ პატარას წაგეხმარებით: იმ ადამიანებს ჰქონდათ ის შეგრძნება, რომ სახლში, ანუ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ არსებობს წესები, რომელიც ამ სახლისთვის, ანუ ამ ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და ამიტომ, თქვენგან და ბევრი თქვენნაირისაგან განსხვავებით, ჰქონდათ ის შეგნება, რომ არ გაეპროტესტებინათ ხატებისა და ჯვრების სიმბოლოები… და ეს იმ დროს, როდესაც მათი სახელმწიფოებრივი შეგნება, ისევ თქვენგან და თქვენნაირებისაგან განსხვავებით, საკმაოდ მაღალი ჰქონდათ….
პ. ს. ფარისევლობასა და ეკლესიისა და სახელმწიფოს ინსტიტუციონალურ გამიჯვნაზე დემაგოგობით ნუ დაიღლებით… ვერც ამ ულუფას დაგითმობთ და აქვე ვიტყვი: ხატების კარიერის გამო ფარისევლური გამოფენა უსაძაგლესი საქმეა და ეკლესიისა და სახელმწიფოს ინსტიტუციური შერწყმა კატეგორიულად დაუშვებელია… თუმცა, თქვენ ეს სულაც არ გადარდებთ, ეს მხოლოდ თემებია, რაც ლაპარაკისა და ქულების დაწერის საშუალებას გაძლევთ… და კიდევ: მართლმადიდებლობის როლსა და მნიშვნელობას ვერ ჩაანაცვლებთ და ამ რეალობას შეეგუეთ” – წერს გიორგი გვასალია.