საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება გაფართოვდაივნისი 13, 2019

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება გაფართოვდა. საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის მიტროპოლიტ შიოს წარდგინებით, საპატრიარქოს პრესცენტრის საფუძველზე შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაესვა იმას, რომ ეკლესია ხედავს თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს. ამასთან, მზადყოფნას გამოთქვამს, არ დაიშუროს ძალისხმევა, ღირსეულად უპასუხოს არსებულ რეალობას ამ მიმართულებით.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უხელმძღვანელებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, რომელიც მედია ანალიზის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

აღნიშნულ სამსახურში სხვადასხვა მიმართულებას უხელმძღვანელებენ ახალი თანამშრომლები: მღვდელი გიორგი ფირცხელანი – ახალგაზრდებთან ურთიერთობის მიმართულებით; ანალიტიკური ჯგუფის წევრები იქნებიან დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი, დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე, თეოლოგი გიორგი გვასალია, თეოლოგი ლევან აბაშიძე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, რომელიც იმავდროულად, საგარეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედაც დაინიშნა; იღუმენი მიქაელ ბრეგვაძე, რომელსაც პარალელურად, დაევალა საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის თანაშემწის მოვალეობის შესრულება.

საზოგადოებრივი სამსახურის პრიორიტეტს წარმოადგენს საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ღია, გამჭვირვალე, დროული და ეფექტური ურთიერთობის წარმართვა საზოგადოების ყველა ფენასთან.