ლევან ვასაძის მოძრაობის შესახებ სინოდის წევრებს სხვადასხვა პოზიციები აქვთივნისი 17, 2019

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა წმინდა სინოდის საგანგებო სხდომის დანიშვნას ითხოვს. ამის შესახებ “რუსთავი 2” იუწყება. მისი თქმით, სწორედ მღვდელმთავრებმა უნდა იმსჯელონ იმ დაპირისპირებაზე, რომელიც საზოგადოებაში „თბილისი პრაიდის“ ჩატარებასთან დაკავშირებით გაჩნდა.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ უმჯობესი იყო სხდომა რამდენიმე დღის წინ გამართულიყო და საპატრიარქოს ნაცვლად დაპირისპირებული მხარებიისადმი მიმართვის წერილი სინოდის წევრებს გაევრცელებინათ.

მეუფე პეტრემ ასევე ისაუბრა ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ ე.წ. კომბლების რევოლუციაზე. მისი თქმით, საზოგადოება ბოროტებას სიკეთით უნდა ებრძოლოს, ხოლო ძალადობა მხოლოდ სიტყვებით არ უნდა იქნას დაგმობილი, საჭიროა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა დავგმოთ ყოველივე ცოდვა და უზნეობა უწმინდურობა და მით უმეტეს, ცოდვის პროპაგანდა, მაგრამ, ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ სიკეთით, უწმინდურობას უნდა ვებრძოლოთ სიკეთით, ძალადობა კი, უნდა დავგმოთ არამხოლოდ სიტყვით და განცხადებით, არამედ საქმით,“ – ამბობს მეუფე პეტრე.

კიდევ ერთი მღვდელმთავარი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი კი სამწყსოს მიმართავს, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოძრაობას შეუერთდნენ. შესაბამისი განცხადება მან “ფეისბუკის” გვერდზე გაავრცელა:

“ მოგმართავთ ჩემს სამწყსოს, კერძოდ კაცებს, ვისთვისაც ღმერთი, სამშობლო და ადამიანის ღირსება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, შეუერთდეს ლევან ვასაძის წამოწყებულ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში სოდომიტურ-აღვირახსნილი მოძრაობის ალაგმვას.” – აცხადება მეუფე გიორგი