დეკანოზი დავით ნოზაძე: – სასულიერო პირები ლგბტ თემთან დათმობას არ დაუშვებენივნისი 18, 2019

წითელი ტერორი ხომ არ მოგწონდათ, არც ცისფერი ტერორი უნდა მოგეწონოთ. რა მნიშვნელობა აქვს კომუნიზმის სახელით დამიწყებენ დევნას თუ ლიბერალური ღირებულებების გამო?, – ამის შესახებ მოძღვარმა დავით ნოზაძემ “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სასულიერო პირები ლგბტ თემთან დათმობას არ დაუშვებენ, რადგან ლგბტ პირები ძალიან მიზანდასახულები არიან და “პატარა დათმობასაც გამარჯვებად აღიქვამენ”. მისივე თქმით, პროცესები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საელჩოების მიერ იმართება.

სასულიერო პირი არ გამორიცხავს, რომ ლგბტ პროპაგანდას გავლენა აქვს ეკლესიაში გარკვეულ სასულიერო პირებზეც.

“ჩანს, რომ რაღაცა ხდება. თბილისში ვერავინ იპოვეს. ერთი ეპარქია არის, იქიდან გამოიყვანეს სასულიერო პირი. უცნაური ამბავია”, – აცხადებს მოძღვარი.

ხელისუფლებამ ეს 20 კაცი (ლგბტ პირები) უნდა შეკრიბოს და უთხრას, რომ ბავშვებო გაჩერდითო. წაიყვანოს სადმე უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ, – ასე უპასუხა დეკანოზმა დავით ნოზაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა იქნება თუკი ვითარება ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის დაიძაბება.

ამასთან, მისი თქმით, თუ რამე მოხდება, კამერები არსებობს და შესაბამისი უწყება დაადგენს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სასულიერო პირის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ აღლუმი თბილისში არ შედგეს, ისე “როგორც მღვდელს შეშვენის”.

საღამოს „თბილისი პრაიდმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ორგანიზატორები არ აპირებენ მის გაუქმებას.