მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალაივნისი 20, 2019

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რომელიც საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა, ჩაიშალა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისთვის სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დილით სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

მდინარაძის მტკიცებით, სხდომა უნდა წაეყვანა არა გავრილოვს, არამედ საბერძნეთის წარმომადგენელს და ჯერჯერობით გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა გავრილოვი სხდომის წამყვანად. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ამას საორგანიზაციო კომიტეტში გაარკვევენ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებას ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, „აქ მართლმადიდებლური არაფერია და რუსეთისთვის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგიაა“.

„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას!

აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია! თუ ეს ასეა, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“ – წერს ზურაბიშვილი.