“დასაფიქრებელია, ვის ინტერესებს ემსახურება დესტაბილიზაციის ინსპირაცია”ივლისი 1, 2019

„ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს“ (მთ.7,17)

“სიძულვილის ენით მეტყველებამ სიძულვილის და ძალადობის ნაყოფი გამოიღო. მოციქული იაკობი ამბობს: „ენა მცირე ასო არს და დიდად მაღლოის. აჰა ესერა, მცირედმან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის. და ენა ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისა“ (იაკ.3,5-6).
ერთი კაცის დაუშვებელმა მოძრაობამ ათასობით ადამიანში სიძულვილის მუხტი გააძლიერა და ადამიანები ძალადობრივ ქმედებამდე მიიყვანა. ის პიროვნება თუ თვითნებურად დაჯდა იმ სავარძელში, რომელშიც არ უნდა დამჯდარიყო, საპასუხოდ გააძევეს იქიდან მისდა სამარცხვინოდ. ნათქვამია: „რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დასჯდები პირველსა საინახესა, ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყოს ჩინებულ მისგან და მოვიდეს, რომელმან-იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ-ეც ამას. მაშინ იწყო სირცხვილით უკანასკნელსა ადგილსა დაპყრობად“ (ლკ.14.8-9); მაგრამ თუ მასპინძლებიდან ვინმემ შესთავაზა მოწვეულს დაჯდომა იქ, სადაც არ უნდა დამჯდარიყო, მაშინ პასუხი მასპინძელს მოეთხოვოს, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა სტუმარი.
სიტუაციის სიმწვავე გამოწვეული იყო იმით, რომ ეს პიროვნება, ოფიციალური დელეგააციის წევრი, იმ ქვეეყნის მოქალაქე იყო, რომელმაც საომარი მოქმედების შედეგად დაიკავა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ის კაცი ევროპის რომელიმე ქვეყნის ან აშშ-ს მოქალაქე რომ ყოფილიყო, მის ნებით თუ უნებლიეთ მოქმედებაზე არ იქნებოდა ასეთი მწვავე რეაქცია. როგორიც არ უნდა იყოს მომხდარი სამწუხარო ფაქტი, პარლამენტის სივრცეში იქნა დაგმობილი და ამით ინციდენტი ამოიწურებოდა, რევანშისტული ოპოზიციის ლიდერებს მისთვის რომ არ მიეცათ საზოგადოებრივი მასშტაბის რეზონანსი. ვნებათაღელვა ამბოხში გადაიზარდა და ქვეყნისთვის საზიანო პოლიტიკური ვექტორი მიიღო. საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებმა არაერთი შესაბამისი ფიზიკური მცდელობა გამოიწვია, ხელისუფლების მხრიდან კი _ რეპრესიული ზომები. დასაფიქრებელია, ვის ინტერესებს ემსახურება დესტაბილიზაციის ინსპირაცია, საკუთარი ქვეყნის გასაწირ პაიკად გამოყენება? საღი გონებით პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანებმა გააანალიზონ თანამედროვე გეოპოლიტიკური სიტუაცია და ქვეყნის მომავალი განვითარების კონცეფცია ჩამოაყალიბონ. მსჯელობა დავიწყოთ იმით, საბოლოოდ რა გვინდა და თანდათან უკუსვლით ავაგოთ გზა მთავარი მიზნისკენ. დღეს გადასადგმელია პირველი ნაბიჯები. სიძულვილი არასდორს ყოფილა კეთილი მრჩეველი.”

წყარო: რუსთავის ეპარქიის “ფეისბუკის” გვერდი