პატრიარქი: “მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა”ივლისი 7, 2019

ცხოვრების გზა არც ისე იოლია, მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის ასეთი შემწე.

“გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს. მისი ლოცვა, მისი კურთხევა გფარავდეთ თქვენ. იოანე ნათლისმცემლის მშობლები, როგორც თქვენ იცით, იყვნენ უშვილონი. და როცა ერთ-ერთი მსახურების დროს მისი მამა ზაქარია ასრულებდა მღვდელმსახურებას, მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, რომ შენ გეყოლება შვილი და დაარქმევ სახელსა იოანეს. ზაქარია და ელისაბედი მოხუცებულები იყვნენ და ვერ დაიჯერა, რომ მას ეყოლებოდა შვილი და მან დაკარგა მეტყველება. მართლაც მოხდა სასწაული და ეყოლა შვილი და დაარქვეს სახელად იოანე. ეს სასწაული იყო, ღვთის მითითება იყო. წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის სინანულის მქადაგებელი და ყოველი ადამიანი უნდა იყოს მისი ლოცვის ქვეშ. როცა იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა ხალხს იორდანეში, გამოჩნდა უფალი იესო ქრისტე. და იოანემ იწინასწარმეტყველა : “აჰა, კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა”. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყოს ჩვენი მფარველი. შეგვაძლებინოს ჩვენ, რომ მტკიცედ განვლოთ ეს ცხოვრების გზა. ცხოვრების გზა არც ისე იოლია. მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის ასეთი შემწე. შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”,- ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.