მთავარეპისკოპოსი ზენონი: “ერთმანეთის სიძულვილით ერის სულიერ და ფიზიკურ სიკვდილს ვუკაფავთ გზას”ივლისი 13, 2019

ამდენი ღვარძლი, ამდენი ბოროტმზრახველი სიტყვა, დაცინვა, ლანძღვა- გინება ერთმანეთის მიმართ რა გონებიდან და გულიდან მოემართება. უკიდურესად დავმახინჯდით სულიერად, პიროვნულად. ხომ ნათქვამია: როგორადაც არ გინდა მოგეპყროს სხვა, რაც არ გინდა გისურვოს სხვამ, თავად ნუ უსურვებ და მოეპყრობი მას. ჩვეულებად გვექცა არაადამიანური სიტყვა, ქცევა. ამასთან შეგუება და ამის შეწყნარება ხომ თვითგანადგურების ტოლფასია. ამაზე ითქმევა: ყველა ყველას წინააღმდეგ.
ეს ადამიანობაა?
ეს ქრისტიანობაა?
ეს პატრიოტიზმია?
ეს მოქალაქეობაა?
ეს კეთილსინდისიერებაა? კეთილგანზრახვაშიც კი ბოროტებას ვეძებთ და ზოგიერთს ეს ანიჭებს სიამოვნებას, სიხარულს და ვაითუ ბედნიერებასაც. სიძულვილის მომაკვდინებელი უღელი დავიდგით და ვამბობთ: ერისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე ვზრუნავთ. სინამდვილეში ჩვენ ერთმანეთი იქამდე გვინდა, ვიდრე ეს გვინდა.
რატომ? რატომ?
თუ საკუთარ სიცოცხლეს პატივს სცემ, სხვისი სიცოცხლე რატომ არ უნდა გიღირდეს არაფრად?! ერთმანეთის სიძულვილით ერის სულიერ და ფიზიკურ სიკვდილს ვუკაფავთ გზას. ერი ხომ პიროვნებისგან, ინდივიდისგან შედგება. სად გაგონილა მოძულე მაშენებლად ან აღმშენებლად, მეგობრად, საიმედოდ, კეთილისმყოფელად. ჩვენ, თვითმკვლელობას ვესწრაფვით და ნუ გავიკვირვებთ, თუ არ ვიქნებით სანდო და სასურველი და მითუმეტეს დასანდობი სხვათაგან. მაშინ, გარეშე მტერზე და და მათგან მტრობაზე ნუ ვისაუბრებთ. სიძულვილი, ძალადობა, ზედაპირულობა, უგულობა, ჩასაფრება, დაუნდობლობა, უნდობლობა, შური, მხოლოდ პირადი კეთილდღეობა, თავაშვებულობა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, აი ღატაკი სულის, პიროვნების შემოქმედება. და აი, ამ ყველაფერს ვნერგავთ ერთმანეთში და მომავალ თაობებს ვასწავლით, თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ჩვენზე ყოფილა ნათქვამი
“კუზიანს სამარის მეტი არაფერი გაასწორებს” და ისიც ხომ მართალია, რომ
“ ხე ნაყოფით შეიცნობა”.
იქნებ შევჩერდეთ და დავრჩეთ ადამიანად. ღმერთის თუ არ გვესმის, სინდისი ხომ გვეხმიანება. ნუთუ, ისე მოგვიცვა არაბუნებრივობამ, რომ ადამიანურობის გამოვლენა ჩვენს ძალას აღემატება.
იქნებ, როგორმე გავითავისოთ:
არ გვეკადრება! არ გვეკადრება!

+მთ. ეპ. ზენონი