პატრიარქმა დედების მიერ შვილების აღზრდის აუცილებლობაზე იქადაგააგვისტო 4, 2019

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ქრისტიანებს მარიამ მაგდალინელის ხსენება მიულოცა და დედის როლზე იქადაგა.

“დღეს ჩვენ ვფიქრობთ, დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე. როცა ჯვარს აცვეს მაცხოვარი და მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი მთელი დღე იდგა ჯვართან და ის სიხარული, რომელიც იყო მაცხოვარსა და მარიამ მაგდალინელს და მენებელსაცხებელ დედათა შორის, არის მაგალითი, თუ როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ თავისი ვალი აღასრულოს ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი”,-ბრძანა პატრიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია 4 აგვისტოს წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სამების ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა. წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. სახარება გვამცნობს, რომ მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა (ლკ. 8.2; მკ. 16.9). მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ სნეული მარიამი განკურნა, ის ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი შეიქნა. მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში ქადაგებდა. წმინდანის უხრწნელი ნაწილები IX საუკუნეში გადაასვენეს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში და წმიდა ლაზარეს სახელობის მონასტრის საყდარში დააბრძანეს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, სიწმიდე იტალიაში გადააბრძანეს და რომში, იოანე ლატერანის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული.