“საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ?”აგვისტო 5, 2019

საქართველოს საპატრიარქოს პრესამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის 4 აგვისტოს ქადაგებაზე სოციალურ ქსელში გამოხმაურებებთან დაკავშირებით, “ფეისბუკის” პირად გევრდზე პოსტს აქვეყნებს და კითხულობს, რატომ ნერვიულობს პატრიარქის სიტყვებზე ეკლესიისთვის უცხო სულის მქონე ხალხი.

“საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ? უახლესი ისტორიის დევნის პერიოდებში განა რაიმე სხვა სულით ებრძოდნენ ეკლესიას? პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს. ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს: “წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი”. (იო.10.4)

მესამე პირები რატომ უნდა ერეოდნენ ამ ურთიერთობაში? რატომ ნერვიულობს მის სიტყვებზე ეკლესიისათვის უცხო სულის მქონე ხალხი? მათ ხომ ეს ქადაგება პრინციპში არ ეხებათ? ისინი ისედაც ხომ არ გააჩენენ შვილს, რომ ერი გამრავლდეს? ისინი ხომ იმდენჯერ გაიკეთებენ აბორტს, რამდენჯერაც მიიჩნევენ, რომ არასასურველი შვილი უჩნდებათ? ეს ქადაგება მათ არ ეხებათ, და ეს მათ შესანიშნავად იციან. მაშ საიდანაა ეს აგრესია ადამიანის მიმართ, რომელიც საკუთარ სულიერ შვილს მიმართავს?

პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან. საქმე იმაშია, რომ ყოველი მართალი სიტყვა ჩვენი მამხილებელია და ტკივილს იწვევს. უკეთეს შემთხვევაში ამ ტკივილმა ადამიანს სინანულისაკენ უნდა უწინამძღვროს. უარეს შემთხვევაში კი აგრესია უჩნდება და სურვილი, რომ ეს სიტყვა დაადუმოს.

სალომეამ ჰეროდიას დავალებით სწორედ ამიტომ არ მოითხოვა იოანე ნათლისმცემლის თავი ჰეროდესაგან, რომ ამხელდა იოანე ჰეროდიას უსჯულოებას?

და წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა (მკ. 6. 27-28)

ინებოს უფალმა მათი სულიერი სიმშვიდე სინანულითა და სიყვარულით” – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

როგორც ცნობლია, 4 აგვისტოს პატრიარქმა სამების საკატედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა: “ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ თავისი ვალი აღასრულოს ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი”.