ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი: “ძველი ფილები კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა”აგვისტო 11, 2019

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი უძველესი ტაძრის იატაკის მარმარილოს ფილებით მოწყობის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა –  პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა. მისი თქმით, რესტავრაციის შესახებ შესაბამის უწყებებთან შეთანხმება იმიტომ არ მოხდა, რომ საჭიროდ არ ჩაითვალა. ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის მტკიცებით, ძველი ფილები კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა და „უბრალო ფილები იყო“.

“ჯერ ერთი, იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა, ის 60-იან წლებში შეიცვალა, ამ ტაძარს რესტავრაციის გაკეთება მოუწია. ეს იყო კომუნიზმის რეჟიმის დროს ჩამოსხმული, ბორდიურები იყო დაზიანებული, რომელიც მტვრის ბუდე იყო და ძვირფასი მარმარილოთი მოხდა ამის ჩანაცვლება. აქ არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა, ისტორიულად ყოველთვის ახლდებოდა და კეთდებოდა“,-აცხადებს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი.

შეგახსენებთ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად შეაფასა.

უწყების ცნობით, უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრვ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა.