მეუფე მიქაელი – დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სინოდის სხდომაზე ყველაფერს გავარკვევთაგვისტო 19, 2019

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი იმსჯელებს. ჟურნალისტებთან საუბრისას, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა პატიმრობაში მყოფი დეკანოზის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ყველაფერი გაირკვევა სინოდის სხდომაზე.

მეუფე ამბობს, რომ ყველა ადამიანი უნდა იქნას შეწყალებული, შემდეგ კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთი გადაწყვეტს.

„{დეკანოზის} ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, როგორც ვიცი, ზოგჯერ შეუძლოდ არის, ზოგჯერ არაუშავს. ღმერთმა უშველოს და დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს და გამოაჯანმრთელოს. ჩვენ ყველა უნდა შევიწყალოთ, ყველა ადამიანი, ვინც კი არსებობს დედამიწაზე, ყველაზე უნდა ვილოცით, მაგრამ მერე ღმერთი როგორც გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ სინოდის კრებაზე, როცა სინოდის კრება იმსჯელებს, თქვენ აუცილებლად გაიგებთ ყველა პასუხს“, – განუცხადა მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საპატრიარქოს მიმართეს, მსჯავრდებული სასულიერო პირის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლოს.