“ერთ-ერთი ეპისკოპოსი დამემუქრა და მითხრა, რომ მომკლავდნენ” – თორნიკე მამალაძე საკუთარი და ძმის შვილების საზღვარგარეთ გაშვებას აპირებსაგვისტო 30, 2019

ჩემი შვილების და დეკანოზის შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება, – წერს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე. მისივე თქმით, ერთ-ერთ ეპისკოპოსთან ჰქონდა შეხვედრა, რომელიც დაემუქრა.

„ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი, რომ რაც ჩემმა ძმამ, მამა გიორგიმ იცის, ყველაფერს ვიტყვი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ), რომელიც დამემუქრა და მითხრა, რომ მომკლავდნენ თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რომ მზად ვიყავი. შემდეგ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა. ახლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება“, – წერს თორნიკე მამალაძე.