“სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დაფიქსირდა”სექტემბერი 4, 2019

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები დაფიქსირდა. საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა. ამის შესახებ სააგენტოს “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რასაც თან ფოტომასალაც ახლავს.

მათივე ცნობით, სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომელთა წინასწარი შეფასებით, ახლადმოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისის ქვის ტრადიციული ქართული წყობითაა დაგებული.

უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ეპარქიას წერილობით აფრთხილებს. ახლადგამოვლენილი ფაქტის შესახებ ეცნობება საქართველოს საპატრიარქოსაც. წარმოებული უნებართვო პროცესის შედეგების გამოსასწორებლად სააგენტო ეპარქიას 6 თვის ვადაში სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმებას მოსთხოვს. სამთავისის კომპლექსში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშს სააგენტო უხლოეს დღეებში გაასაჯაროებს.