ღვთისმშობლის სარტყელის დადება – რა სასწაულები აღესრულება სიწმინდითსექტემბერი 13, 2019

ახალი სტილით 13 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დადებას პატიოსნისა სარტყელისა
ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა.

დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში აღესრულა იმპერატორ არკადიუსის (395-408) დროს. ეს დიდი სიწმიდე, გადმოცემით, თავად ღვთისმშობელს ჩაუბარებია თომა მოციქულისთვის, შემდგომ კი მემკვიდრეობით გადაეცემოდა კეთილმსახურ ქრისტიანებს. მრავალი წლის შემდეგ, ლეონ ბრძენის (886-912) ზეობისას, ღვთისმშობლის სარტყელმა სასწაულებრივად განკურნა ბოროტი სულით შეპყრობილი იმპერატორის მეუღლე ზოია.

დედოფალს გამოცხადებით ეუწყა, რომ სნეულებისაგან ღვთისმშობლის სარტყლის შეხებით განიკურნებოდა. იმპერატორმა პატრიარქს დახმარება სთხოვა. მღვდელმთავარმა გახსნა დაბეჭდილი კიდობანი, რომელშიც სიწმიდე ინახებოდა, სნეულ დედოფალს შეახო და ის მაშინვე განიკურნა. სამადლობლად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს, შემდეგ კი სიწმიდე კვლავ კიდობანში ჩააბრძანეს.

აღსრულებული სასწაულის აღსანიშნავად დაწესდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყლის დადების დღესასწაული.

წყარო: „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

სარტყელი თავად ქალწულ მარიამს დაუმზადებია საკუთარი ხელით აქლემის ბეწვისაგან-ღვთისმშობელს განსაკუთრებული ხელსაქმე სცოდნია. ცნობილია, რომ სწორედ მისი ნახელავი იყო სოლომონის ტაძრის კრეტსაბმელის ფარდა, რომელიც ქრისტეს ჯვარზე აღსრულებისას შუაზე გაიპო. ასევე, მისი მოქსოვილი იყო უკერველი კვართი, რომელიც ყრმა იესოს ეცვა და მასთან ერთად იზრდებოდა. ეს სწორედ ის კვართია, სვეტიცხოველში რომაა დაფლული.
მიძინების წინ ღვთისმშობელმა

სარტყელი თომა მოციქულს გადასცა. აქედან დაიწყო მისი გზა, რომელიც, საბოლოოდ, ვატოპედის მონასტერში დასრულდა. გზადაგზა ანაწევრებდნენ, იტაცებდნენ, იპარავდნენ. ამის გამო ისჯებოდნენ და ინანიებდნენ. ვატოპედის მონასტერშიც, ამის გამო, მისმა ნაწილმა მოაღწია. მაგრამ ეს მცირე ნაწილიც კი აღასრულებს სასწაულებს: კურნება იქნება ეს თუ შემოსეული მწერების განსხმა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი უშვილოებს შეეწევა: თავად ყველაზე დიდი სიყვარულის დედა სხვა დედებს შვილიერების სიხარულს ანიჭებს. იგი ყველას თხოვნას ისმენს-მათისაც, ვისაც რამდენიმე წლის განმავლობაში შვილი არ ჰყავდა, და მათისასაც, რომელთაც, ექიმთა დასკვნით, არასოდეს მიეცემოდათ შვილი.
ვატოპედის მონასტერში უამრავი ადამიანი მიდის სწორედ ამ ტკივილის გამო. და სარტყლის მოლოცვიდან რამდენიმე თვეში მათი მეუღლეები ფეხმძიმედ რჩებიან. მათ, ვინც ვერ მიდის ათონის მთაზე, შეუძლიათ, გამოაგზავნინონ სარტყელზე მინადები ქამარი. ამ შემთხვევაშიც ხდება სასწაული. არის სიმსივნისაგან კურნების უამრავი შემთხვევაც.

სარტყლის მისაღებად უნდა გააგზავნოთ წერილი მონასტერში, მოკლედ აღუწეროთ თქვენი მდგომარეობა და სთხოვოთ, გამოგიგზავნონ ღვთისმშობლის სარტყელზე მინადები ქამარი. მონასტრის მამები, სარტყელთან ერთად, დაწვრილებით მითითებებსაც გამოაგზავნიან. აი, მისამართიც:
Vatopedi Monastery
63086 Karyes, Mount Athos
Greece

წყარო: “კვირის პალიტრა”