მეუფე შიო: “ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა ამსოფლიურ კეთილმოწყობაზე, დიდი უგუნურებაა”სექტემბერი 22, 2019

ნებისმიერი ადამიანის დასასრული ეს არის სნეულება და გარდაცვალება, ამიტომ ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა ამსოფლიურ კეთილმოწყობაზე, მატერიალურ ღირებულებებზე, ეს დიდი უგუნურებაა, ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ(მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მან სახარებიდან საქორწილო ნადიმის შესახებ იგავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფალი იესო ქრისტე ყველა ადამიანს ეპატიჟება საქორწილო ნადიმზე, ანუ მარადიულ ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ამაზე უარს ამბობს.

„იესო ქრისტე ბრძანებს ასეთ იგავს, რომ სასუფეველი ღვთისა ემსგავსა კაცსა მეუფეს, რომელმაც ქორწილი მოაწყო. ეს იყო თავისი შვილის ქორწილი. მეუფე კაცი – ეს არის მამა ღმერთი, ძე არის ძე ღმერთი – იესო ქრისტე და ქორწილი ეს არის სასუფეველი ღვთისა – მარადიული ცხოვრება. საქორწინო სერობა ის არის, რასაც დღეს ჩვენ ვესწრებით და ვმონაწილეობთ – წმინდა ლიტურგია. ესეც ქორწილია, ესეც სერობაა. უფალი ყველას იწვევს, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი უარს ეუბნებიან. უფალი ხელმეორედ მოუწოდებს მათ, პატიჟებს და შეახსენებს, რომ ყველაფერი გამზადებულია მათთვის. მიუხედავად ამისა, მაინც უარს ეუბრებიან: მოიმიზეზებენ თავიან პირად საქმეებს. ზოგი სავაჭროდ მიდის, ზოგი ყანაში. ეს გვაფიქრებს, თუ რაოდენ დიდ უგუნურებაში იმყოფება ადამიანი. წარმოიდგინეთ, ღმერთი გვეპატიჟება თავის მარადიულ სიხარულში, ნადიმზე და ადამიანები უარს ეუბნებიან. თითქმის, ყველამ იცის ბავშვობიდან, რომ გარდაცვალება ყველას მოელის. ნებისმიერი ადამიანის დასასრული სნეულება და გარდაცვალებაა. ამიტომ ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა ამსოფლიურ კეთილმოწყობაზე, მატერიალურ ღირებულებებზე, ეს დიდი უგუნურებაა. მიუხედავად ამისა, ადამიანები ამას უფრო არჩევენ და მარადიულ სიხარულზე უარს ამბობენ. ამის მიზეზი, ალბათ, არის ძალიან დიდი დაზიანება ჩვენი ბუნების, ადამიანი ვეღარ გრძნობს, რას კარგავს, რა აკლდება. ამიტომაც უფალი იესო ქრისტე ამას გვახსენებს ამ იგავით“, – ბრძანა მეუფე შიომ.

მეუფე შიოს თქმით, წმინდა მამების ქადაგებებში აღნიშნულია, რომ ადამიანმა ერთი წამითაც რომ შეიგრძნოს ის ნეტარება, რაც ცათა სასუფეველში მას მოელის, მზად იქნებოდა 1000 წელი დიდ გაჭირვებაში იყოს.

„ასეთი შედარებაც კი მოჰყავთ: ჭიებით სავსე ორმოში იყოს და დაითმინოს 1000 წელი, ოღონდ 1 წამით იგემოს და ეზიაროს ამ ნეტარებას. წმინდა წერილში წერია, რომ ვერც კი წარმოუდგენია ადამიანის გონებას, თუ რას უმზადებს მას უფალი. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენგანი ამ მოწვევაზე უარს ამბობს. უფალმა კიდევ გაუგზავნა ადამიანებს მონები – წინასწარმეტყველები, ვიღაცისთვის მშობელი, ვინც ასწავლის, ჭკუას არიგებს, იფარავს და განსაცდელებს არიდებს, მასწავლებელი, მოძღვარი – ესენი ყველა მონანი ღვთისანი არიან, ვინც ჩვენ ღვთის ნებას გვეუბნება და გვაუწყებს. ეს მონები ზოგი სცემეს, ზოგი მოკლეს. ამის შემდეგ განრისხდა; მეუფე იმ ქალაქს და მოქალაქეებს გაანადგურებს, ვინც უარი უთხრა მოწვევაზე. ჩვენ ვიცით, რომ ისტორიაში ეს არაერთხელ მომხდარა. თუნდაც ჩვენს ქვეყანაში 100 წლის წინ, როდესაც იყო ბოლშევიკური მმართველობის პერიოდი ასეც მოხდა, დაანგრიეს ტაძრები, დახოცეს სამღვდელოება და ამის მიზეზი ის იყო რომ ჩვენს ხალხს აღარ უნდოდა, არ იყო მოთხოვნილება ტაძრებში, სამღვდელოებაში და უარს ამბობდნენ საქორწილო სერობაზე. ამიტომაც უფალმა ეს დაუშვა“, – ბრძანა მეუფე შიომ.

მისი თქმით, ადამიანი, ვისაც სინანული არ აქვს, ცხოვრების, აზროვნების შეცვლა არ შეუძლია, ის ცოდვებს ემონება.

„უფალი ყველას ეძახის თავისთან – ბოროტსაც და კეთილსაც. მისივე თქმით, ადამიანურ სიკეთესა და ბოროტებას შორის არ არის განსხვავება ღვთისთვის, ღვთის წინაშე. მთავარია უფალთან მივიდეთ და გავხდეთ მონაწილენი მისი მარადიული ცხოვრების. საქორწილო შესამოსელი მონანიება, სინანულია. უფალთან შეიძლება მივიდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც სინანულის შედეგად იცვლება. ჩვენ უნდა შევიმოსოთ განახლებული სულიერი შესამოსლით, რომ გავხდეთ ღვთაებრივი ქორწილის მონაწილენი. ადამიანი, ვისაც სინანული არ აქვს, ცხოვრების, აზროვნების შეცვლა არ შეუძლია, ის ცოდვებს ემონება. რა ცოდვითაც სცოდავს ადამიანი, იმ ცოდვის მონაა. თუ ნარკომანია, ნარკოტიკებს ემონება. თუ განმკითხველია – განკითხვის მონაა, თუ ვერცხლისმოყვარე და ხარბია, ამ ვნებას ემონება, ანუ შეკრულია ხელებითაც და ფეხებითაც“, – ბრძანა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, ეკლესიის გარეთ, ძირითადად ჩვენ ვხედავთ ამას ცხოვრებაში, რომ უფრო მეტად ადამიანები ინტერესდებიან მატერიალური ღირებულებებით, მატერიალური კეთილმოწყობით, ამქვეყნიური წარმატებით; ამ ღირებულებებით მცხოვრები ადამიანი ნელ-ნელა კარგავს ადამიანურ თვისებებს და მტაცებლური ხდება.

„უფალი დასძენს: „მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეული“, ანუ უფალთან დაპატიჟებული ბევრია, მაგრამ რჩეული ცოტაა, ცოტა ირჩევს უფალს. უმეტესობას ის არ აინტერესებს. არც კი ფიქრობენ ამაზე. ცოტაა ვინც მიილტვის ღმერთისკენ, სასუფევლისკენ, განწმენდისკენ, მარადიული ცხოვრებისკენ. ჩვენ ამას ვისწავლით თუ არა, უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ რა გვინდა? – გვინდა რომ „ბნელსა მას გარესკნელსა შინა ვიყოთ“, თუ სინანულით შევუდგეთ უფალს და გავხდეთ ღმერთის სასუფევლის წევრები და ძე ღვთისას საქორწილო ნადიმისა? ვისზე აქორწინებს თავის ძეს მამა ღმერთი? – ეკლესიაზე. ჩვენ მოწოდებულები ვართ ყველანი, რომ გავხდეთ ამ ქორწილის წევრები არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, მიწიერში, არამედ უკუნითი უკუნისამდე“, – ბრძანა მეუფე შიომ.

IPN.GE