“განა რამე უპატიოსნო რამ ჩავიდინე, ასე რომ გერცხვინება ფულის მოცემა და გინდა რომ ჩამიკუჭო სადღაც ფული?”სექტემბერი 30, 2019

დეკანოზი ლევან მათეშვილი სასულიერო პირთა მიერ კერძო მსახურების და მათთვის გასამრჯელოს თემაზე “ფეისბუკის” პირად გვერდზე საუბრობს და წერს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ საქართველოში პატიოსანი მღვდელი ცხოვრობს სხვისი ხელის მოძრაობის შემყურე, მხოლოდ საქართველოშია უცხო ქრისტიანებისთვის მღვდლის შენახვა, მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ მღვდელი მდიდარი, მხოლოდ საქართველოში მღვდელს არანაირი სოციალური გარანტია არა აქვს-არც ხელფასი არც დაზღვევა.

“ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, მრავალი სტიგმით დაღდასმული და დასნებოვნებულია. მრავალი საჭირბოროტო თემა დაგროვდა ჩვენში, თუმცა ყველაფერზე, ცხადია, კომპეტენცია არ მეყოფა და არც არის საჭირო. მე ისევ ჩემი სამრეკლოდან ვიყურები და მადარდებს ის გაუცხოება, რაც ყოველდღე მატულობს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის, უფრო ზუსტად, კლირიკოსებსა და ხალხს შორის(თუმცა მავანთ ეკლესია მხოლოდ სასულიერო პირების გილდიად წარმოუდგენიათ). ბევრი პრობლემაა, მაგრამ მე მხოლოდ ერთს შევეხები, რომელიც დასაბამია მრავალის.ჩემი 14 წლიანი სამღვდელო პრაქტიკიდან ერთს შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც ბევრის იდენტურია, უბრალოდ, ეს იმით არის გამორჩეული, რომ ჩემი აქტივობაც ჩანს:

ერთ-ერთ წესის აგებაზე, როცა დავასრულე ლოცვა, ვიქადაგე, გავეცი კითხვებზე პასუხი, ჩავალაგე სამღვდელო ჩანთა და დავემშვიდობე ჭირისუფლებს, გავედი გასასვლელში. თან გამომყვა “საქმეში ჩახედული” ოჯახის ახლობელი “შესაწირის” მოსაცემად. მის მოძრაობებზე ვხვდები, რომ სურს ხელის სწრაფი მოძრაობით ჩემს ჯიბეში ჩამიკუჭოს “ტაძრისთვის შესაწირი”. მაგრამ ჩემი უფრო სწრაფი მოძრაობით ვაჩერებ მის ხელს და ვეუბნები:რას აკეთებ? (მას ეგონა ალბათ პატიოსანი მღვდელია და ფულს არ იღებსო, მაგრამ გავუმტყუნე იმედები), დაბნეული მიყურებს. რას აკეთებ, განა რამე უპატიოსნო რამ ჩავიდინე? რამე აკრძალული? ასე რომ გერცხვინება ფულის მოცემა და გინდა რომ ჩამიკუჭო სადღაც ფული? (საბჭოეთის დროს რომ უფასო ერქვა სამედიცინო მომსახურებას და ექიმებს და ექთნებს რომ უკუჭავდნენ ჯიბეში, რადგან აკრძალული იყო). არა მამაო, უბრალოდ ტაძრისთვის მინდოდა.. მიგრძელებს კიდევ უფრო დაბნეული. ტაძრისთვის? რატო ტაძრისთვის, მე ვილოცე, მე ვიშრომე და მე კი არ მწირავ, არამედ ტაძარს? დავუძაბე უფრო. მთლად ფერი დაკარგა, აღარ იცოდა რა ეფიქრა, ამიტომ უკვე დაყვავებით ავუხსენი:მე შენთვის არ მითხოვია ფული, ჩემი შრომისთვის, რომელიც ჩემთვის საამაყოა და თუ ქრისტიანი ხარ შენთვისაც უნდა იყოს, უფალი გავალდებულებს მშრომელის დაფასებას. ამიტომ რახან გადაწყვიტე ფულის შემოწირვა პირდაპირ, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე,ჩაკუჭვების გარეშე, მომეცი შესაწირი, რომელიც სამარცხვინო კი არაა, არამედ რჯულის აღსრულებაა. ამ მინი ქადაგების შემდეგ ჰაერში ჩემს მიერ გაჩერებულ ხელში არსებული კუპიურა გამოვართვი და წავედი.
მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი ამგვარი სიტუაციები, მხოლოდ საქართველოში პატიოსანი მღვდელი ცხოვრობს ხელის მოძრაობის შემყურე, მხოლოდ საქართველოშია უცხო ქრისტიანებისთვის მღვდლის შენახვა, მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ მღვდელი მდიდარი(ერთეულების გარდა, მასობრივად მღვდლის ოჯახები სიღარიბის ზღვარზე არიან), მხოლოდ საქართელოში მღვდელს არანაირი სოციალური გარანტია არა აქვს-არც ხელფასი არც დაზღვევა. ეს ყველაფერი კი იწვევს უკურეაქციას, ნეგატიურ პრაქტიკას და ა. შ. თუნდაც მე ვარ ცუდი მღვდელი, რადგან ვმუშაობ 4 ადგილას და შესაბამისად, ვერ ვრეალიზირდები სრულიად სამღვდელო პრაქტიკაში” – წერს სასულიერო პირი.