“ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის” – პატრიარქის საკვირაო ქადაგებაოქტომბერი 6, 2019

ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ამასთან, ილია მეორემ მრევლს კარ-მიდამოს კურთხევისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და ამიტომ თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველ დღე, საღამოს თქვენ უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და აუცილებლად საღამოს, ძილის წინ ლოცვები წაიკითხოთ. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. იღუპება ადამიანის სული. ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი სახლი, თქვენი კარმიდამო”,- ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ ქადაგებისას ადამიანთა ცხოვრების მიზანზე ისაუბრა და მრევლს მოუწოდა, არავითარ შემთხვევაში, წყევლა არ უნდა წამოსცდეთ შვილის ან ადამიანისადმი. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც, – ბრძანა უწმინდესმა. 

“ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით წარვდგებით ღმერთის წინაშე. ყველაზე დიდი ძალა, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, ჩვენ დაგვეხმარება, არის ქველმოქმედება, დახმარება გაჭირვებული ადამიანის. ადამიანის ცხოვრების მიზანი უნდა იყოს გაჭირვებული ხალხის დახმარება. ზოგიერთი მიზნად ისახავს, დააგროვოს სიმდიდრე”,-ბრძანა ილია მეორემ.

ამასთან, როგორც პატრიარქმა ბრძანა, ქვეყნის აღსასრული “არც ისე შორს არის”.

“მე კიდევ ერთხელ, ყველას გეხვეწებით, დაიფარეთ თქვენი ოჯახები, თქვენი შვილები. არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის. წერია ბიბლიაში, როცა ბოროტი სული მიხვდება, რომ მისი აღსასრული მოდის, გააძლიერებს ბრძოლას ადამიანთან. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისგან “,- ბრძანა პატრიარქმა.