წმ. სინოდის წევრები – მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყოოქტომბერი 14, 2019

პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით კოემნტარს აკეთებენ წმინდა სინოდის წევრები.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.

მისივე თქმით, როგორც თავად მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ. როგორც თვითონ ამბობს, მძიმეა მისი მდგომარეობა.

სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს და თუხთუხებს, მგონი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანის შეწყალება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მარტო დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ ემხრობა. ზოგადად, ეკლესია არ არის მომხრე, რომ ვინმე ციხეში იყოს.

მისივე თქმით, მან დღემდე არ იცის, რა მოხდა მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით.

„მე მარტო მამალაძეს არ ვემხრობი. ზოგადად, ეკლესია არ არის მომხრე, რომ ვინმე ციხეში იყოს. უფალი გვასწავლის, რომ ციხეში შევიდეთ, ყველა ვანუგეშოთ. ყველა მენანება ციხისთვის. სამწუხარო რა არის იცით? რა მოხდა, დღესაც არ ვიცი“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.