სინოდის სხდომა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს აღარ განიხილავსოქტომბერი 21, 2019

რუსთაველი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, როდის გაიმართება სინოდის კრება, თუმცა აღნიშნავს, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს არ განიხილავს.

“სინოდი არ განიხილავს ამ საკითხს. იყო თავის დროზე განხილული. პატრიარქმა თქვა, როცა გამოძიება დაიწყო, რომ გამოვუცხადოთ ნდობა გამოძიებას”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტმა ისაუბრა გამოძიების შედეგებზეც.

“შედეგი გამოძიებისა იყო და საჯაროდ იყო ის ფარული კამერების ჩანაწერები ტელევიზიით ნაჩვენები, რაც აღარ იძლევა საფუძველს, რომ ჩვენ იგნორირება გავუკეთოთ ან ჩავთვალოთ, რომ ეს ფალსიფიკაციაა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა მიტროპოლიტ იოანეს კითხეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. მღვდელმტავრის თქმით, ამასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე იყო საუბარი, თუმცა ექიმებმა განაცხადეს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე მძიმეა.

კითხვაზე, ჰგონია თუ არა, რომ გიორგი მამალაძე სიმულაციას მიმართავს, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ის ამას “ვერავის დააბრალებს”. ამასთან, მიტროპოლიტის განმარტებით, აღნიშნული ექიმების გადასაწყვეტია, “მათ უნდა ჩაატარონ კვლევა და დადონ შედეგი”.

“მგონიაზე“ მე არ ვლაპარაკობ. მე ფაქტს გეუბნებით და ამ ფაქტის უკან რა დგას, თვითონ მამა გიორგიმ უნდა გასცეს პასუხი და ექიმებმა შეიძლება იცოდნენ კიდევ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.