სჭირდება, თუ არა საქართველოს ეკლესიას საეკლესიო სასამართლო?ოქტომბერი 27, 2019

თეოლოგიის დოქტორი თეიმურაზ ბუაძე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ქმედითი საეკლესიო სასამართლოს არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეკლესიას ისევე სჭირდება საკუთარი სასამართლო, როგორც სახელმწიფოს.
თეიმურაზ ბუაძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, რომ სინოდმა შეცდომით რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად კონფლიქტშია კანონიკური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, ჩვენს ეკლესიაში არ არსებობს ისეთი ორგანო, რომელიც სინოდს ამ გადაწყვეტილების შეცვლას აიძულებდა.

“მანამდე, სანამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ქმედითი საეკლესიო სასამართლო არ იარსებებს, ტელევიზიასა და პრესას არასოდეს მოაკლედება სასულიერო პირები, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ მზადყოფნას საკუთარი თანამოძმეების და სხვების “დედები მოიხსენიონ”. სახელმწიფოს უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს სასამართლოს ყოლაზე, მხოლოდ იმ საბაბით, რომ პარლამენტი უკვე ჰყავს. ეკლესიაში წმინდა სინოდს, პარლამენტის ანალოგიური ფუნქცია აქვს, და მას ისევე სჭირდება საკუთარი სასამართლო, როგორც სახელმწიფოს. ჩვენი ეკლესიის გარდა, თითქმის ყველა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში ფუნქციონირებს საეკლესიო სასამართლო, რომელიც კანონიკური სამართლის პრინციპებით მოქმედებს.

ეკლესიას ასევე სჭირდება ორგანო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციებს შეასრულებს. არავის აქვს იმის გარანტია, რომ სინოდი (ჩვენ საშუალება მოგვეცა, საჯაროდ გავცნობოდით წმინდა სინოდის ზოგიერთი გავლენიანი წევრის პირად ღირსებებს) უკლებლივ ყოველთვის ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომლებიც ყოველგვარ ეჭვს გამორიცხავდა კანონიკური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან მათ სრულ თანხმობასთან დაკავშირებით. წარმოვიდგინოთ, რომ სინოდმა შეცდომით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად კონფლიქტშია კანონიკური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან (ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, სადაც დამცავი მექანიზმები არ არსებობს), ჩვენს ეკლესიაში არ არსებობს ისეთი ორგანო, რომელიც სინოდს ამ გადაწყვეტილების შეცვლას აიძულებდა. მსგავს სიტუაციას “კონსტიტუციური კრიზისი” ეწოდება. სახელმწიფოში კონსტიტუციის დაცულობის გარანტი საკონსტიტუციო სასამართლოა, ეკლესიასაც უნდა ჰქონდეს ანალოგიური ინსტრუმენტი – სინოდალური კომისია, რომელშიც იურიდიული და მაღალი საღვთისმეტყველო კომპეტენციის მქონე სინოდის რამდენიმე წევრი ეპისკოპოსის გარდა საეკლესიო სამართლის და დოგმატიკის ავტორიტეტული სასულიერო და საერო სპეციალისტებიც უნდა შედიოდნენ. სინოდზე დასამტკიცებლად მანამდე არ უნდა გავიდეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სანამ მას ეს ავტორიტეტული კომისია არ განიხილავს. ეს პრაქტიკაც თითქმის ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს” – წერს თეოლოგი თეიმურაზ ბუაძე.