“მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა, იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა სხდომიდან”ოქტომბერი 31, 2019

წმინდა სინოდის სხდომაზე დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ მღვდელმთავრები საუბრობენ. ირკვევა, რომ მღვდელმთავრობიდან გადაყენებული პეტრე ცაავა სინოდის სხდომიდან მღვდელმთავრებმა გაიყვანეს.

როდესაც მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა, – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ სინოდის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მეუფე პეტრეს მხრიდან პატრიარქის შანტაჟს ჰქონდა ადგილი.

„მეუფე პეტრემ თქვა, რომ თუ უწმინდესი პირობას მომცემს, რომ ასე გავაკეთო, მაშინ არაფერს ვიტყვი. მას უნდოდა სინოდალური მმართველობის შემოღება თუ რაღაც თავისი წინადადება ჰქონდა. მაგრამ, როდესაც უწმინდესმა უთხრა, რატომ მაყენებ შეურაცხყოფას, მას არ გაუცია პასუხი. ეს იყო მისი მხრიდან შანტაჟი. როდესაც მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი. მე მაგ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, რას იძახდა. რაღაც წერილით აშანტაჟებდა. მისი პოზიცია იყო, რომ მამალაძე არის როგორც გმირი და არაფერშია დამნაშავე, რომ ეკლესია მის წინააღმდეგ იბრძვის, ეს ყველაფერი არის სიცრუე და ამის საპირწონედ მეუფე პეტრეს უნდოდა ეთქვა – თუ ვინმე რამეს მეტყვის, მე წერილს გამოვაქვეყნებ. რაც შეეხება იმას, თუ რა წერია წერილში, მეუფე დიმიტრიმ თქვა, რომ მამალაძემ საზღვარგარეთ გააგზავნა წერილი, თუმცა არ ვიცით რა შინაარსის“,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მეუფე პეტრეს, მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ მას „ხიბლში ყოფნის მდგომარეობა“ აქვს, საკუთარი თავი მართალი ჰგონია და არავის უსმენს.

„საქმე ისაა, რომ ზოგადად, არსებობს სულიერი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს გონია, რომ მართალია და არავის უსმენს. ამას ჰქვია ხიბლში ყოფნა, სწორედ ხიბლში ყოფნის მდგომარეობაა მეუფე პეტრეს დიაგნოზი. მთელმა სინოდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება არ გამოგვეცხადებინა. მან არ დაგვიტოვა შანსი, თუმცა არა იმიტომ, რომ რამე ისეთი სკანდალური თქვა, რომ ჩვენ შეგვეშინდა“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ

მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ხელით გაგვეყვანა სხდომიდან, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მეუფე პეტრემ უხამსი სიტყვებით ილაპარაკა.

„ჩვენ ვუხსნიდით, რომ შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის, მით უმეტეს სასულიერო პირისთვის და მით უმეტეს პატრიარქისთვის ეს არ არის მხილების ფორმა. საერთოდ, მხილება განსხვავდება ცილისწამებისგან იმითი, რომ მხილებისას ჯერ არგუმენტებია წარმოდგენილი და მერე დასკვნა კეთდება, ხოლო ცილისწამებაა, როდესაც ჯერ ამბობ და მერე პირდები საზოგადოებას და წმინდა სინოდს, რომ შემდეგ წარმოადგენ არგუმენტებს.

მეუფე პეტრე მთლიანად არ მოკვეთილა. საბოლოო დასკვნა, ალბათ, სინოდის სხდომის ოქმში იქნება. გათავისუფლებულია მღვდელმთავრის უშუალო მოვალეობისგან“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.