“კი არ ვამბობთ, რომ მართალია მამალაძე, ჯანმრთელობის გამო უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა”ოქტომბერი 31, 2019

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიმართეს და არა რაიმეს შიშის გამო.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„როგორც ჩვენ გვეუბნებიან, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კი არ ვამბობთ, რომ მართალია მამალაძე და ამიტომ უნდა გამოვიდეს ციხიდან, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა. ეკლესიას შეუძლია მიმართოს პრეზიდენტს თხოვნით, რადგან ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობაა და არა იმიტომ, რომ ვინმეს რამის ეშინია“,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხელისუფლება გაათავისუფლებს, მერე საეკლესიო თვალსაზრისით მოხდება მისი ბრალის დადგენა.

მისივე თქმით, სინოდის არც ერთ წევრს შეწყალების თხოვნაზე განსხვავებული აზრი არ ჰქონია.

„მამალაძის საკითხი იყო პირველი საკითხი სინოდის სხდომაზე. პატრიარქის წინადადება იყო, რომ მიგვემართა ხელისუფლებისთვის თხოვნით; რა თქმა უნდა, ჩვენ არ დაგვისჯია და ჩვენ არ ჩაგვისვია ციხეში, ამიტომ ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს. ამაზე სინოდის არც ერთ წევრს განსხვავებული აზრი არ ჰქონია.

რაც შეეხება მამალაძის მოქმედებას, თუ მოხდება და ხელისუფლება გაათავისუფლებს, შემდეგ ვიმსჯელებთ, გვექნება მასთან საუბრები განხილვები, ბრალის დადგენა საეკლესიო თვალსაზრისით, როგორც სასულიერო პირის მოქმედება. ოღონდ ეს მომავლის საქმეა. ახლა ჩვენ ერთსულოვნად ყველამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვითხოვოთ მამა გიორგის შეწყალება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგება სინოდის წინაშე და აბსოლუტურად ყველაფერზე ექნება სალაპარაკო დრო, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ამდენი ხნის განმავლობაში ძლივს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნა.“ ამასთან, როგორც ადვოკატმა განმარტა, ყველაფერი ის, რაც სათქმელია, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაცხადდეს.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება, წმინდა სინოდის გადაწყეტილება უკავშირდებოდეს იმას, რომ დეკანოზმა მამალაძემ საპატრიარქოს წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნება დააანონსა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დეკანოზი მამალაძე ამ ყველაფერს მხოლოდ წმინდა სინოდის წინაშე იტყვის.

„მას ჰქონდა ყოველთვის ერთი პოზიცია, რომ ის ამ ყველაფერს მხოლოდ წმინდა სინოდის წინაშე იტყვის“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.