მეუფე პეტრეს მეუფე გრიგოლი შეცვლის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გახდა, რუსთავის ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდაოქტომბერი 31, 2019

რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა და მას მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.

წმინდა სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელთმთავრად დაინიშნა. ქუთაის-გაენათის ეპარქია მღვდელთმთავრის გარეშე ივნისში დარჩა, როდესაც მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, მეუფე პეტრეს ნაცვლად, ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.

„მეუფე პეტრე მთლიანად არ მოკვეთილა. საბოლოო დასკვნა, ალბათ, სინოდის სხდომის ოქმში იქნება. გათავისუფლებულია მღვდელმთავრის უშუალო მოვალეობისგან და ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა სხვა მღვდელმთავარი – მეუფე გრიგოლი,“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.