პატრიარქი – არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯაოქტომბერი 31, 2019

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ, – ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა იმისათვის, რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ.

მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არაერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას.

დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის სხდომაზე.